მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში

მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში





საქართველოში ნარკომანთა შემაშფოთებელი რაოდენობა ფიქსირდება. საერთაშორისო ორგანიზაციების 2005-2006 წლების კვლევების მიხედვით, ნარკოტიკების მოხმარების მასშტაბით საქართველო ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში 240 ათასი ნარკომანია. ზოგიერთი ორგანიზაცია, არც მეტი არც ნაკლები, 300 ათას ნარკომანზე (მომხმარებელზე) საუბრობს. 
როგორც თბილისის ნარკოლოგიურ ცენტრში აცხადებენ, ნარკომანთა რაოდენობის ზრდასთან ერთად ნარკოტიკების მომხმარებელთა საშუალო ასაკიც შესამჩნევად გაახალგაზრდავდა. 
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დავით მესხიშვილმა განაცხადა, საქართველოში 200 ათასიდან 240 ათასამდე ნარკომანია, მათ შორის 40% მარიხუანას (ე.წ. პლანი) ეწევა, ხოლო 60% ინტრავენური ნარკომანია. 
ცენტრ "ურანტის" ხელმძღვანელის, ზურაბ სიხარულიძეს თქმით, საქართველოში დაახლოებით 300 ათასამდე ნარკოტიკების მომხმარებელია. ეს არ არის ბოლო მონაცემები, რადგან ბოლო ორი წელია, სტატისტიკა საერთოდ აღარ არსებობს. 
"საქართველოში ყველაზე ხშირია ჰეროინის, სუბუტექსის, "პლანის" მოხმარება. ამ ბოლო დროს გახშირდა ეფედრინი და "ექსტაზი" და აგრეთვე ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდებიან კოკაინის მომხმარებლები. სხვათა შორის, ასაკობრივმა ჯგუფმა დაიწია ძალიან. თუ ადრე ნარკოტიკის მომხმარებლის ასაკი 25 წლიდან იწყებოდა, ახლა საწყისი ასაკი 16-18 წელია. ეს იმის ბრალიცაა, რომ უფრო ხელმისაწვდომია ნარკოტიკული საშუალებები," - აცხადებს სიხარულიძე. 
მისი თქმით, ნარკოტიკული საშუალებები არც ისე ძვირია და მათი შეძენა აფთიაქებშიც არის შესაძლებელი. 
"საერთოდ, ნარკოტიკები მოთხოვნის შესაბამისად ჩნდება. შავ ბაზარზე 1 გრამი ჰეროინის ფასი დაახლოებით 120 დოლარია. სუბუტექსიც დაახლოებით მაგდენი ღირს. არის ასევე აბის ტიპის ნარკოტიკები, რომლებიც, სამწუხაროდ, აფთიაქში იყიდება და ექიმის ნებართვის გარეშე შეიძლება მათი შეძენა. მაგალითად, ამფეტამინები - აცხადებს სიხარულიძე. 
გამოკითხულ ნარკომანთა უმრავლესობა ნარკოტიკის მოხმარების მიზეზად უმუშევრობას, ცუდ სოციალურ პირობებს, იმედგაცრუებას, უბრალოდ, სიამოვნების სურვილს ან უნებისყოფობას ასახელებს. 
ნარკომანია, სამწუხაროდ, ისეთი სენია, რომელიც ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება შეეყაროს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ საქართველოში ნარკომანია არ ითვლება მძიმე დაავადებად. არ თვლიან ახალგაზრდები, რომ ამით ისინი დაავადდებიან და გართობის, პრესტიჟის, მოდურობისთვის ხდებიან ნარკომანები. კლუბური ცხოვრება და დისკოტეკა ვერ წარმოუდგენიათ ნარკოტიკის გარეშე. 
ეს იმის ბრალია, რომ ინფორმაციის ნაკლებობაა საზოგადოებაში. ჩვენს ქვეყანაში ეს საკითხი ძალიან ცუდადაა დაყენებული. საჭიროა აქტიური თანამშრომლობა მედიასთან, რომ გაშუქდეს ასეთი საკითხები. 
საქართველოში დღემდე მიდის იმაზე დავა, ნარკომანი კრიმინალია თუ ავადმყოფი. 20 წელია ეს დებატები არ დამთავრდა. იმისათვის, რომ შემცირდეს ნარკომანთა რაოდენობა, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მათზე, როგორც მძიმე ავადმყოფებზე. თუმცა, ჩვენში ჯერ კიდევ კამათობენ, ამასობაში კი ნარკომანთა რაოდენობა იზრდება და დღეს უკვე 16-18 წლის ნარკომანები გვყავს," - ამბობს ზურაბ სიხარულიძე. 
მისივე განცხადებით, თითო ნარკომანი სტატისტიკურად აზიანებს 6-7 ადამიანს. მათი რაოდენობა ჯაჭვური პროგრესიით იზრდება. 
მისი აზრით, ნარკომანია არ არის მარტო სამედიცინო პრობლემა: "ეს არის სახელმწიფოს პრობლემა. ეს არ არის ფრინველის გრიპი, რომელსაც მსოფლიო ებრძვის, ნარკომანია გრიპზე უარესი ეპიდემიაა, რომელსაც მოაქვს შიდსი, ცე-ჰეპატიტი, ინვალიდობა და ა.შ." 
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, სამინისტრო ნარკომანიის საწინააღმდეგო პროექტს ამზადებს, რომელსაც ცნობილ ადამიანებთან ერთად განახორციელებს. ამ პროექტს ჰქვია "ალიანსი ნარკომანიის წინააღმდეგ". ეს პროექტი ამუშავდება პირველი მარტიდან. ნარკომანია ავადმყოფობაა და ამ სენის დასამარცხებლად ჯანდაცვის სამინისტრომ საზოგადოებასთან ერთად ყველაფერი უნდა გააკეთოს. 
უახლოეს პერიოდში ჯანდაცვის სამინისტროში ნარკომანიის საკითხებთან დაკავშირებით სატელეფონო ცხელი ხაზიც ამუშავდება. გავრცელდება საინფორმაციო ფურცლები. იგეგმება ასევე სკოლებსა და სხვადასხვა ზოგადსაგანმანათლებლო თუ უმაღლეს სასწავლებელში კულტურული და სპორტული ღონისძიებების მოწყობა და ლექცია-სემინარების გამართვა," - აცხადებს მესხიშვილი. 

No comments:

Post a Comment